» თავფურცელი: სამართლისა და პოლიტიკის სკოლა
პროგრამის შესახებ
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლის სამაგისტო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ საბაზისო განათლება სამართალში და სურთ გაიღრმავონ ცოდნა სამართლის სხვადასხვა მიმართულებით. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
პროგრამა იძლევა ღრმა თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას სამართლის სხვადასხვა დარგში და ავითარებს სამართლებრივი კაზუსების შეფასებისა და ანალიზის უნარს. პროგრამა მოიცავს სამართლის ისეთ ძირითად უნარ-ჩვევებს, როგორიც არის კონტრაქტების შედგენა და სამართლებრივი მართლწერა, ასევე საერთაშორისო სამართლის ძირითად სფეროებს.
სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო სამართლის ორ ძირითად მიმართულებაზე: საერთაშორისო ბიზნეს სამართალი და საერთაშორისო საჯარო და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართალი.
საერთაშორისო ბიზნეს სამართლის კონცენტრაცია მოიცავს ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა: საერთაშორისო კერძო სამართალი, საერთაშორისო საფინანსო სამართალი, საერთაშორისო კორპორაციული სამართალი, კორპორაციული მართვა, შედარებითი სახელშეკრულებო სამართალი, საერთაშორისო ბიზნეს გარიგებები და ა.შ.
საერთაშორისო საჯარო და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლის კონცენტრაცია შედგება შემდეგი დისციპლინებისაგან: საერთაშორისო საჯარო სამართალი, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო სისხლის სამართალი, შედარებითი კონსტიტუციური სამართალი, ჰუმანიტარული სამართალი და ა.შ.
საუკეთესო უცხოელი და ადგილობრივი ლექტორები იყენებენ სწავლების დასავლურ მეთოდიკას და სტუდენტებს უზიარებენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიღებულ გამოცდილებას. თეორიული მასალის გაცნობასთან ერთად, პროგრამის დიდი ნაწილი ეთმობა კონკრეტულ საქმეთა და სხვადასხვა სასამართლოთა პრაქტიკის განხილვას (case study). სწავლება ატარებს ინტერაქტიულ ხასიათს, რაც სტუდენტისგან მოითხოვს ყოველდღიურ მეცადინეობას.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე, იმუშაონ ინგლისურ ენაზე, აწარმოონ კვლევა ან პრაქტიკა სამართლის სხვადასხვა სფეროში.
|