საჯარო პოლიტიკის ანალიზი (CPPA)

სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD) და ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მონაწილეების მიღებას საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ სპეციფიკაზე დაფუძნებულ სასერტიფიკატო პროგრამაზე “საჯარო პოლიტიკის ანალიზი”. 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას საქართველოში. Საჯარო პოლიტიკის ანალიზის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ერთი მხრივ, ტრენინგების, მეორე მხრივ კი საექსპერტო მენტორობის სისტემა, რომელიც  ხარისხიანი პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის პროცესში მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაგიწევთ. Პოტენციური ჩარჩო თემატიკა მოიცავს 4 მიმართულებას: 

  • საჯარო მართველობის რეფორმის პრიორიტეტი 
  • დამოუკიდებელი საზედამხედველო ინსტიტუციების როლი 
  • კიბერუსაფრთხოების რისკების შემცირება და ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობები საჯარო სექტორის მუშაობის გაუმჯობესებისათვის  
  • ევროკავშირის კანდიტატის სტატუსი და ჰარმონიზაციის პროცესი 

მონაწილეები გაეცნობიან საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისთვის საჭირო თეორიულ ჩარჩოს, სხვადასხვა სახის პოლიტიკის დოკუმენტის  შემუშავებისა და პოლიტიკის ანალიზისთვის საჭირო მასალებს და  გაიღრმავებენ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტების წარდგენისა და ადვოკატირების შესაბამის უნარ-ჩვევებს. 

სასერტიფიკატო პროგრამა განკუთვნილია იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც დაინტერესებულია პოლიტიკის (POLICY) ამა თუ იმ სფეროში არსებული საზოგადოებრივი პრობლემების მართვით და სურს მტკიცებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის პროცესში დახელოვნება. 

პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, ვისაც შეხება აქვს არასამთავრობო სექტორსა და ანალიტიკურ ცენტრებში. აუცილებელი პირობაა მონაწილეს ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ სპეციალობაში. მაგისტრატურისა და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს უპირატესობა მიენიჭებათ შერჩევის პროცესში.  

სწავლება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, 3 თვის განმავლობაში და შეხვედრებს  გაუძღვებიან GCSD-ისა და GIPA-ს მენტორები და ტრენერები.   

პროგრამის შინაარსი

შესავალი პოლიტიკის ანალიზში   

  • პოლიტიკის ანალიტიკოსის როლი პოლიტიკის შემუშავებაში პროცესში
  • დებატების როლი Პოლიტიკის შეფასების პროცესში
  • ნეიტრალური პოლიტიკის ანალიზი - პოლიტიკისა და იდეოლოგიების გავლენა პოლიტიკის ანალიზის პროცესში 

საჯარო პოლიტიკის ანალიზის თეორიული საფუძვლები  

  • საჯარო პოლიტიკის ანალიზის ძირითადი მოდელები
  • საჯარო პოლიტიკის ანალიზის ძირითადი მიდგომები 
  • პოლიტიკის ანალიზის მოდელები: ცვლილების თეორია, design-thinking, ლოგიკური ჩარჩო

მტკიცებულებები საჯარო პოლიტიკის ანალიზში 

  • რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვების ძირითადი საფუძვლები და მეთოდები 
  • გლობალურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა 
  • მონაცემთა ინტერპრეტაცია: მიკერძოება და ტრადიციული “ჩავარდნები”
  • მეორად წყაროებთან მუშაობა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის პროცესში 

პოლიტიკის ანალიზის მოდელები 

  • საზოგადოებრივი პრობლემის ანალიზი და მისი მართვის ინსტრუმენტები
  • პოლიტიკის ცვლილებების მართვის ძირითადი ინდიკატორები 
  • მიზნისა და ამოცანის ჩამოყალიბება,  პოლიტიკის ინტერვენციები და შესაბამისი ინსტრუმენტები 
  • პოლიტიკის ალტერნატიულ კურსებს შორის არჩევანი მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის საფუძველზე 
  • ხარჯ-სარგებლიანობისა და ხარჯ-ეფექტიანობის ანალიზი 
  • სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, ბიუჯეტირება და მისი მართვის ოპერაციული შესაძლებლობები
  • პოლიტიკის მონიტორინგი, შეფასება და  სწავლება (M&E&L)

 პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება  

  • პოლიტიკის დოკუმენტის სახეობები
  • კარგი და ცუდი პოლიტიკის დოკუმენტი 
  • სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტები და შესაბამისი სამოქმედო გეგმები  
  • პოლიტიკის რეზიუმეები და პოლიტიკის მემორანდუმები 
  • რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA)
  • მწვანე vs. თეთრი წიგნები პოლიტიკის წარმოების პროცესში 

პოლიტიკის ადვოკატირება და კომუნიკაცია 

  • ადვოკატირება, როგორც პოლიტიკის წარმოების პროცესის  ნაწილი: პოლიტიკის ადვოკატირების ეტაპები, სტრატეგიები, ტექნიკა და ადვოკატირების საკომუნიკაციო გეგმა
  • საჯარო გამოსვლების ტექნიკა პოლიტიკის წარმოების პროცესში  
  • ციფრული არხების გამოყენება საჯარო პოლიტიკის კომუნიკაციის პროცესში
  • დებატების ტექნიკის გამოყენება საჯარო პოლიტიკის ცვლილებებისათვის  

სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, 150 საათი. ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოობით, 19:00-დან 22:00-მდე სამუშაო დღეებში, შაბათ დღეს  10:00-დან 17:00-მდე შუალედში. 

სწავლა დაიწყება 2023 წლის 1 მაისს. 

სწავლების  ენა და ფორმატი: ქართული, მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილი იქნება ინგლისურ ენაზე. Სწავლება მიმდინარეობს ინტერაქციულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. 

სერტიფიკატი

სწავლის წარმატებით დასრულებისა და პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების შემდეგ,  მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ინგლისურენოვანი სერტიფიკატი Certified Public Policy Analyst (CPPA). 

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელები უნდა დაესწრონ შეხვედრებს და პროგრამის ბოლოს, მენტორის მხარდაჭერით წარმოადგინონ ჯგუფური ან ინდივიდუალური პოლიტიკის დოკუმენტი. 

ნანი მაჭარაშვილი - ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საჯარო მმართველობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი. საჯარო პოლიტიკის ანალიზის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს ავტორი. ტრენინგებისა და კონსულტაციების 20+ წლიანი გამოცდილება საჯარო პოლიტიკის, ადმინისტრირების, ადვოკატირებისა და სტრატეგიული განვითარების მიმართულებით. როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე საჯარო უწყებების კონსულტანტი პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით და #629-ე და #264-ე დადგენილებების მოთხოვნებთან პოლიტიკის დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფაში. ამ მიმართულებით  რამდენიმე კვლევისა და პუბლიკაციის  ავტორი.

გიორგი ხელაშვილი - დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარია. განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საელჩოში ვაშინგტონში და საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრში. არჩეული იყო პარლამენტის წევრად. მისი აკადემიური ინტერესები მოიცავს საქართველოსა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებსა და სტრატეგიული ანალიზის სფეროებს.

სალომე ჯიბლაძე - საერთაშორისო განვითარების ექსპერტი და სტრატეგიის, მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლების სპეციალისტი. აქვს საფუძვლიანი ცოდნა და გამოცდილება დიზაინის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემების მენეჯმენტში, და კოორდინაციაში, და ასევე, M&E ინსტრუმენტების შემუშავებაში. 7 წელზე მეტი ხნის გამოცდილება სტრატეგიების შემუშავებასა და დახვეწაში, სხვადასხვა აქტორებისთვის, როგორებიცაა სამინისტროები, სამთავრობო უწყებები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. 

გიორგი გოგუაძე - საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სპეციალისტია. იგი არის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის კანდიდატი კავკასიის უნივერსიტეტში. ამასთან, ის არის ასისტენტ პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტში და მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტში. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამებსა და სამოქალაქო სექტორს. გიორგი სტრატეგიის და განვითარების ცენტრში ამჟამად, უფროსი ექსპერტის პოზიციას იკავებს და ჩართულია სხვადასხვა პროგრამის განხორციელების პროცესში.

რატი შუბლაძე - მკვლევარი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის 10+ წლის გამოცდილებით. იგი არის სოციოლოგიის დოქტორი. მისი დისერტაცია „სოციალური თანასწორობა და საარჩევნო პრეფერენციები” ეხებოდა საქართველოში ელექტორალური ქცევების თავისებურებებს. 2015 წლიდან რატი მოწვეული ლექტორის რანგში ასწავლიდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში კვლევის მეთოდების კურსებს. 2021 წლიდან კი ის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შეუერთდა სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის რანგში. 2013-2020 წლებში რატი მუშაობდა კვლევით ორგანიზაცია CRRC-საქართველოში, სადაც ის ჩართული იყო მასობრივი გამოკითხვების მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის სხვადასხვა საფეხურებში. 2020-2021 წლებში იგი იკავებდა ორგანიზაცია TMI-ის კვლევის დირექტორის თანამდებობას. ამჟამად, ის ჩართულია მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლების (MEL) აქტივობებთან დაკავშირებულ პროექტებში.

პროგრამა სრულად დაფინანსებულია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მიერ. 

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა (ფორმაში დამატებით CV უნდა აიტვირთოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე). 

რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2024 წლის  25 აპრილი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

სწავლა დაიწყება 2023 წლის 1 მაისს. 

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე  
  • ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ სპეციალობაში
  • სამუშაო გამოცდილება 

თეონა სუხიაშვილი

კოორდინატორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) 

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: იეთიმ გურჯის 9; თბილისი, 0105

ელ-ფოსტა: t.sukhiashvili@gipa.ge

მობ: +995 598 119 212

ნინი კილაძე

კოორდინატორი

სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD)

ელ-ფოსტა: gcsd@gcsd.org.ge  

მობ: +0322222667